გივი სვანიძე (დ. 20 სექტემბერი, 1921 სოფელი ცხუკუშერი, ახლანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი — გ. 10 აგვისტო, 1999, თბილისი)
ჰიდროლოგი და ჰიდროენერგეტიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1981), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1966). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1984). სტოქასტიკური ჰიდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1944 წელს დაამთავრა სერგეი კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1948 წელს გახდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი; 1958-1971 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე დიდებულიძის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტის წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების განყოფილებას. 1971 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიის კათედრის გამგეა. 1976 წლიდან — სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის ამიერკავკასიის რეგიონული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (1980).
სვანიძე თანამედროვე სტოქასტიკური ჰიდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისმა გამოკვლევებმა ჰიდროლოგიური პროცესების მოდელირების დარგში დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას მდინარეული ჩამონადენის რეგულირების თეორიაში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
