ექვთიმე თაყაიშვილი (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი; დ. 5 იანვარი, 1863 — გ. 21 თებერვალი, 1953, თბილისი) – ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ცნობილია როგორც 1921-45 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძურის დამცველი, რის გამოც კონსტანტინე გამსახურდიამ „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ უწოდა. მისი ხელმოწერა დაფიქსირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. ისინი ტუნისის გავლით ჩავიდნენ მარსელში. მარსელში მოხდა განძეულობისგან სამუზეუმო მნიშვნელობის მქონე ქონების გამოყოფა და 39 დაბეჭდილი ყუთი შენახულ იქნა ბანკში. 1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს განძით დატვრითული ამერიკული თვითმფრინავით თბილისში დაბრუნდა. მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში, გულის დამბლის შედეგად გარდაიცვალა. 24 თებერვალს უკანასკნელ გზაზე ვაკის სასაფლაომდე, მისი ნეშტი მხოლოდ ორმოცდარვა ადამიანმა გააცილა. 1963 წელს, დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს, ხოლო 1987 წელს ლევილიდან თბილისში გადაასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს ნინო-პოლტორაცკაია-თაყაიშვილის ნეშტიც. 2000 წელს ექვთიმე თაყაიშვილი გადაასვენეს მთაწმინდის პანთეონში.

