კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ილია ვეკუა (დ. 23 აპრილი [ძვ. სტ. 6 მაისი], 1907, შეშელეთი, გალის მუნიციპალიტეტი ― გ. 2 დეკემბერი, 1977, თბილისი) – მათემატიკოსი და მექანიკოსი. ყოფილი სსრკ-ის მეცნიერებათ აკადემიის (1958) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1946) აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი (1969). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1972-1977), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1930 წელს მან წარმატებით დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და რეკომენდაცია მიეცა ლენინგრადის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩარიცხვისათვის. ასპირანტურის გავლის შემდეგ, 1933 წელს, ილია ვეკუა თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. იიგი კითხულობდა ლექციებს თანამედროვე მათემატიკის მრავალ დარგში. ილია ვეკუა ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო სამეცნიერო სემინარებისა, სადაც საკუთარი შედეგების შესახებ ხშირად გამოდიოდა მოხსენებით. აქედან დაიწყო მისი მრავალმხრივი პედაგოგიური მეცნიერული და ორგანიზატორული მოღვაწეობა. 1937 წელს ილია ვეკუამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დრეკადი ტალღების გავრცელება უსასრულო ფენაში“. იმავე წელს აირჩიეს დოცენტად. 1939 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნების კომპლექსური წარმოდგენა და მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების ამოხსნისათვის“. 1940 წელს იგი უკვე პროფესორია. 1940-1944 წლებში ილია ვეკუა უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი იყო. 1944 წელს ილია ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს აკადემიკოსად აირჩიეს. 1944-1947 წლებში ილია ვეკუა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, 1947-1951 წლებში – თსუ—ის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე. 1948 წელს მან გამოაქვეყნა ფუნდამენტური მონოგრაფია „ელიფსურ განტოლებათა ამოხსნის ახალი მეთოდები“. ამ მონოგრაფიისათვის მას 1950 წელს სსრკ-ის სახელმწიფო და ლენინური (1963) პრემია მიეკუთვნა. 1951 წელს ვეკუა მოსკოვში გადავიდა და იქ განაგრძო მეცნიერული მოღვაწეობა. 1952 წელს იგი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის დიფერენციალური განტოლებების კათედრის პროფესორად აირჩიეს, სადაც 1959 წლამდე იმუშავა. 1958 წელს სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1959 წელს ახალდაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად დაინიშნა. იყო ჟურნალ „Сибирский математический журнал“-ის რედკოლეგიის წევრი. 1959-1961 წლებში-ჟურნალ „Вестник Академии наук СССР“- ის რედკოლეგიის წევრი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ჰიდროდინამიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილების გამგე და სხვ. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments