სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ქრისტეფორე III (ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი; დ. 27 მარტი, 1873, ვერტყვიჭალა, ხარაგაულის რაიონი — გ. 10 იანვარი/23 იანვარი, 1932, თბილისი) – სასულიერო და საზოგადო მოღვაწე,
1895 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის უმაღლესი პედაგოგიური კურსები, 1895-1922 მღვდლად იყო ჯერ იმიერკასპიის ოლქში, შემდეგ საქართველოს სოფლებში – ხიდისთავში, იტრიაში, ნაბახტევში, თბილისის ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში. იყო სოფ. იტრიის ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი (1898-1905), გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურე (1904-1905), თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი (1905-1918), იქვე ქართული ენის მასწავლებელი (1918-1921). 1905 თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც შეიმუშავა მოთხოვნა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. მისი მეუღლე იყო ანა ჩუბინიძე, რომელიც მეტად სათნო, მორწმუნე და კეთილშობილი ადამიანი ყოფილა, იგი საკმაოდ ადრე გარდაიცვალა, ხუთი შვილის აღზრდა კი პატრიარქმა იტვირთა. 1922 წლის 18 მარტს დეკანოზი ქრისტეფორე, საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას მიერ ხელდასხმულ იქნა ჯერ მანგლისის, ხოლო შემდეგ ურბნისის ეპისკოპოსად. 1922 წლის 28 მაისს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ეპისკოპოსად, 1923 წლის 12 იანვრიდან 1925 წლის 8 მარტამდე კი ასრულებდა პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობას. აქედან იწყება მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი. კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ 1927 წლის 26 ივნისს IV საეკლესიო კრებაზე იმ დროს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი კათოლიკოსად აირჩიეს. მეტად მძიმე, ეკლესიისთვის სავალალო სიტუაციაში მოუწია მას ეკლესიის საჭეთმპყრობლის კვერთხის მიღება. კომუნისტები ძალიან ავიწროვებდნენ სასულიერო პირებს, დევნიდნენ მრევლს. კათოლიკოს ქრისტეფორეს დროს 1927 წლის ნოემბრიდან მოხდა ეკლესიის გადასვლა კალენდრის ძველი სტილიდან ახალზე. ამ ნაბიჯით ის ცამეტდღიანი განსხვავება, რომელიც მაშინ იყო და დღესაც არსებობს საერო და საეკლესიო კალენდრებს შორის, მოისპო, ანუ ყოველ დღესასწაულს, მაგ. ახალი წლის აღნიშვნა ჩვენს შემთხვევაში, რომ სხვადასხვა დროს ხდება, მაშინ ერთ დღეს დაემთხვა. 1923 წელს კათოლიკოს ამბროსის ნებართვითაც იქნა ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი შემოღებული. თვითონ პატრიარქი ამბროსიც, როგორც ერთ-ერთ თავის მოხსენებაში კათოლიკოსი ქრისტეფორე აღნიშნავდა, 1923-1924 წლებში ამ სტილის მიხედვით მარხულობდა და იხსნილებდა, თუმცა შემდგომში, 1925 წლის მარტიდან, კათოლიკოსის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ეკლესია ისევ კალენდრის ძველ სტილს დაუბრუნდა 1927 წლამდე. ქრისტეფორე III ეწეოდა მეცნიერულ მუშაობასაც. მას ეკუთვნის ბევრი ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის წერილი და გამოკვლევა. მათგან გამოსაყოფია ნაშრომები ძველი ქართული მწერლობის ძეგლის ,,ვისრამიანის“ ეროვნების შესახებ. აღესრულა 1932 წლის 10 იანვარს, 57 წლისა. წესისამებრ, ისევე, როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი ყველა პატრიარქი, დაკრძალულ იქნა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.

