კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ამბერკი გიორგიძე (1896-1948) – საქართველოს პირველი რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მდივანი. ემიგრანტი. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამდე ცოტა ხნით ადრე იგი ევროპაში გადასახლდა, სადაც ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ფაკულტეტზე (1920-1924) სწავლის დაფინანსება ოჯახური სამკაულების გაყიდვისა და სამთავრობო სტიპენდიების მოპოვებით შეძლო. წყაროების თანახმად, ბეკომ რვა ენა იცოდა. მტკიცე ანტიკომუნისტი ამბერკი გიორგიძე ამერიკულ პრესასთან ინტერვიუებში ღიად აკრიტიკებდა საბჭოთა რეჟიმს და მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა ქართულ ემიგრანტულ საზოგადოებასთან. გერმანიაში დაბრუნებასა და იდუმალებით მოცული ოთხი წლის შემდეგ (1932-1936), გიორგიძემ აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო (1937) და ახალ ცხოვრებას შეუდგა, როგორც რძის ტექნოლოგიების გამოცდილი ექსპერტი. 1942 წელს როცა ჰავაიზე, იაპონელების პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ აშშ ოფიციალურად ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში, ბეკო გიორგიძე, უკვე დევიდ ჯორჯი, ათ მილიონ ამერიკელ წვევამდელთა შორის იყო. ამბერკი გიორგიძე 1948 წლის 19 ივლისს ტრაგიკულად გარდაიცვალა. მძიმე სენმა იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მეგობრებმა ბეკო ალბანიდან (ნიუ იორკის შტატის დედაქალაქი) ნიუ იორკში ჩამოასვენეს და სასაფლაო „მაუნტ ოლივეტ სემეტერიზე” (Mount Olivet Cemetery), გიორგი მაჩაბლის მეზობლად დაკრძალეს. მეგობრებმა ან არ იცოდნენ ბეკოს მამის სახელი, ან საჭიროდ ჩათვალეს საფლავის ქვაზე მისი ამერიკული სახელის პირველი ასოც დაეტანათ. მის საფლავის ქვას ასე აწერია “Amberki D. Georgidze – 1897 -1948). შეცდომა დაბადების თარიღსა და გვარის მართლწერაში ემიგრანტული მარტოობის სევდიანი კვალია. ტექსტი და ფოტოებიმოგვაწოდა ქალბატონმა მარი ჩიკვაიძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted