შოთა ჩართოლანი (1932-2010) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ასპირანტურა 1963 წელს. 1956-1963წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრში და ხელმძღვანელობდა სვანეთის რეგიონალურ არქეოლოგიურ განყოფილებას. მისი სამეცნიერო მიმართულება და შესწავლის საგანი იყო “საქართველოს ძველი კულტურა ისტორიული კოლხეთის მთიანეთში”. იკვლევდა ნეოლითის, ბრინჯაოს, ანტიკური და შუა საუკუნეების არქეოლოგიურ ძეგლებს, აგრეთვე უძველეს სამთამადნო წარმოებას. გამოქვეყნებული აქვს 60-მდე ნაშრომი, მათ შორის 4 მონოგრაფია თბილისში, მოსკოვსა და გერმანიაში. მონაწილეობდა ყაზბეგის, თეთრიწყაროს, რაჭის, ბედენის, ენგურისა და სვანეთის არქეოლოგიურ ექსპედიციებში. 1965 წლიდან დაიწყო კოდორის, ენგურისა და ცხენისწყლის ხეობათა მთიანი ზოლის არქეოლოგიური შესწავლა. აღმოჩენილი აქვს 200-მდე ძეგლი, რომელთა უმრავლესობა მისი ძალისხმევით დაცულია სახელმწიფოს მიერ. მისი ინიციატივით მესტიაში დაარსდა “სვანეთის არქეოლოგიური ბაზა – ფონდსაცავი”, რომელიც არქეოლოგიური მუზეუმის ფუნქციასაც ასრულებდა. სხვადასხვა დროს დალაშქრული აქვს კავკასიონისა და პამირის მსოფლიოში ცნობილი მწვერვალები. დაკრძალულია მესტიის შესასვლელში მდებარე წმ. ნინოს ეკლესიის ეზოს ზედა მხარეს. დიდი მადლობა ბატონ გიორგი რატიანს.

