დავით ჭავჭავაძე (დ. 15 აგვისტო, 1818 — გ. 15 ნოემბერი, 1884, თბილისი) – თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1881); მწიგნობარი, ბიბლიოფილი. დაიბადა 1818 წლის 15 აგვისტოს. განათლება სანქტ-პეტერბურგში მიიღო „პოდპრაპორშჩიკთა“ სკოლაში. 1834 წელს პეტერბურგშივე მოეწყო სამუშაოდ, ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში უნტეროფიცრად. 1839–1840 წლებში მსახურობდა ფსკოვის კირასირთა პოლკში. მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან საქართველოში გადმოდის საცხოვრებლად. 1840 წელს გადაიყვანეს კავკასიაში და ჩარიცხეს გენერალ ნ. რაევსკის რაზმში. 1841 წლიდან მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში, სადაც მისი მამა ალექსანდრეც მოღვაწეობს. 1844 წელს შტაბს-კაპიტნის ჩინი მიიღო და კახეთის ცხენოსანთა მილიციის მეთაურად დაინიშნა. 1846 წელს პეტერბურგს გაემგზავრა, რათა ცოლად შეერთო ანა ბაგრატიონი-გრუზინსკაია, საქართველოს უკანასკნელი მეფის შვილიშვილი. ქორწინებაში შეეძინათ 11 შვილი. 1854 წლის 4 ივლისს შამილის რაზმი წინანდალში დავითის ოჯახს თავს დაესხა . ლეკებმა გაანადგურეს ყველაფერი, რისი წაღებაც ვერ მოახერხეს. ტყვედ აიყვანეს დავითის მეუღლე ანა ბაგრატიონი, თავისი ხუთი შვილით. დაარბიეს და გაძარცვეს სასახლის 29 ოთახი, დავითის მეუღლე, შვილები და სტუმრად მყოფი ნათესავებით-სულ 24- ადამიანი შამილის ბრბომ ძვირფასეულობით დატვირთულ ცხენებზე შემოისვა და ტყვედ წაიყვანა, გაძარცული სასახლე და პარკი ცეცხლს მისცეს. დავით ჭავჭავაძემ ერთ საათში დაკარგა ოჯახიცა და ქონებაც. დავით ჭავჭავაძე გარდაიცვალა 66 წლის ასაკში, 1884 წლის 15 ნოემბერს, თბილისში. დიდი პატივით ჩაასვენეს კახეთში და დაკრძალეს ახალი შუამთის მონასტერში. მასტან ერთად დაკრძალულია მეუღლე ანა ჭავჭავაძე.

