კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გალაკტიონ ტაბიძე (1891-1959) – საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. სიცოცხლის ბოლო წლებში, გალაკტიონის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. დიპსომანია, ალკოჰოლური შიმშილი, სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენება – გალაკტიონის სამედიცინო გამოკვლევებში, ალკოჰოლთან დაკავშირებული ტერმინები ხშირად მეორდება. გალაკტიონი სამკურნალო კომბინატის მუდმივი პაციენტი იყო. თვითმკვლელობამდე ერთი წლით ადრე, ტაბიძე ვაკის კლინიკაში ოთხჯერ მოხვდა. 1959 წელიც საავადმყოფოს პალატით დაიწყო. სამკვირიანი კურსი 5 მარტს დასრულდა, თუმცა 12 დღის შემდეგ პოეტი კვლავ სამკურნალო კომბინატის ნერვულ განყოფილებაში აღმოჩნდა. თვითმკვლელობის დღეს, 17 მარტს გალაკტიონი სამკურნალო დაწესებულებაში მისმა ძმისშვილმა  დილის 10 საათზე მიიყვანა. პირველ საათზე პოეტისთვის ორადგილიან პალატაში, დამატებით, მესამე საწოლი დადგეს. პალატაში მყოფმა ავადმყოფებმა შევიწროების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. ორ საათზე გალაკტიონი ნერვული განყოფილების გამგის ოთახში პირველად შევიდა. პოეტის სახელზე სავალდებულო ანკეტა გაიხსნა. იგი ტახტზე დააწვინეს და გასინჯვის სტანდარტული პროცედურა ჩაუტარეს. პულსი 84, წნევა 180/80-ზე. ტაბიძეს ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. 17 მარტს გალაკტიონი თავის პალატაში თითქმის არ შესულა. თვითმკვლელობამდე მთელი დრო მან დერეფანში გაატარა, სადაც საავადმყოფოს პერსონალს ესაუბრებოდა და სიგარეტს ეწეოდა. დაახლოებით 4 საათზე ნერვული განყოფილების გამგის ოთახში იგი კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე მორიგე ექიმმა სუსანა არაქელოვამ გასინჯა. 5 საათზე პოეტს თვითმკვლელობის პირველი ცდა ჰქონდა. მან სკამი აიღო და მეოთხე სართულის აივანზე გასვლა სცადა. გალაკტიონი საავადმყოფოს პერსონალმა შეაჩერა. აივანი წვიმისგან სველი იყო და სანიტარმა გარეთ გასვლა არ ურჩია. პაციენტი ტაბიძე მას უსიტყვოდ დაემორჩილა. ექვს საათს ათი წუთი აკლდა, როცა გალაკტიონი ნერვული განყოფილების გამგის კაბინეტში მესამედ და უკანასკნელად შევიდა. საავადმყოფოს ხალათი საწოლზე დააგდო, სკამი ფანჯარასთან მიიტანა, სკამზე შედგა და ფანჯარა გამოაღო… უკანასკნელ გზაზე გალაკტიონი მთელმა საქართველომ გააცილა. მთაწმინდის პანთეონისკენ მიმავალი ქუჩები ხალხით იყო გაჭედილი. მთაწმინდაზე ტაბიძე ბარათაშვილის სიახლოვეს დაკრძალეს. 2000 წლის ივნისში საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გალაკტიონს თვითმკვლელობის ცოდვა შეუნდო, როგორც საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვის ლოგიკური შედეგი. მისი საფლავი თავად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.
წყარო: მიხეილ ბასილაძე. 24saati.ge

გალაკტიონის დაკრძალვა
მემორიალური ქვა საავადმყოფოს ეზოში, სადაც გალაკტიონმა თავი მოიკლა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments