ერეკლე ტატიშვილი (დ. 28 აგვისტო, 1884, გორი – გ. 1946)
ქართული კულტურის მოღვაწე, ერუდიტი და პოლიტოლოგი.
სწავლობდა ელიზავეტპოლის გიმნაზიაში. 1904-1906 წლებში სწავლას განაგრძობს ლაიფციგის უნივერსიტეტში. ბრუნდება კურსის დაუმთავრებულად. ორჯერ აპატიმრებენ (გორსა და პეტერბურგში) ანარქისტული მოღვაწეობის გამო, თანამშრომლობდა ანარქისტულ გაზეთებშიც “მუშა” და “ხმა”. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ იძულებულია ემიგრაციაში წავიდეს, ჯერ თურქეთში, მერე კი – ევროპაში. 1909–11 წლებში მონპელიეს უნივერსიტეტში სწავლობს იურისპოდენციას, 1913 წელს ამთავრებს პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლას საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. მიემგზავრება ლონდონში ჟურნალისტიკის შესასწავლად.
პირველმა მსოფლიო ომმა მოუსწრო ბრიუსელში, სადაც იგი თედო სახოკიას ბინაზე ცხოვრობდა. ქართულ კოლონიასთან ერთად მიემგზავრება კონსტანტინოპოლში, სადაც წმინდა იოსების კოლეჯში ასწავლის ფრანგულ ენასა და ბუნებისმეტყველებას. ექიმადაც კი მუშაობდა. ბოლოს და ბოლოს ბრუნდება სამშობლოში, რომელმაც სწორედ იმხანად ეროვნული დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1918 წლიდან ჯერ გორის ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ კი – თბილისის ვაჟთა ქართულ გიმნაზიაში ასწავლის გერმანულ ენას.
მცირე ხნით კვლავ უბრუნდება პოლიტიკურ მოვაწეობას: 1920 – 21 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების გამგე, მერე – ამავე სამინისტროს დირექტორი, მაგრამ ვერ მოურიგდა მენშევიკურ მთავრობას.
1921 – 23 წლებში ასწავლიდა ვაჟთა მესამე ტექნიკუმში (ყოფილი ქართული გიმნაზია). საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ერეკლე ტატიშვილი 1922 წელს გახდა წევრი ახლად დაარსებული ქართულ მწერალთა აკადემიური ასოციაციისა, რომლის შექმნაც მიზნად ისახავდა, უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებაში, კულტურული ავტონომიის შანარჩუნების გზით გადაერჩინა ჩვენი ეროვნული სული.
1923 წელს ივანე ჯავახიშვილმა მიიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საჯარო და კერძო სამართლის ლექტორად, 1927 წლიდან კი ასწავლიდა უცხო ენებსა და ლიტერატურასაც.
1935 წელს დააარსა უნივერსიტეტში უცხო ენათა კათედრა (დღევანდელ დასავლურ ენათა და ლიტერატურის ფაკულტეტის წინამორბედი) და იყო მისი პირველი გამგე. სამეცნიერო ხარისხი ოფიციალურად არ დაუცავს, მაგრამ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ გამორჩეული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მაინც მიანიჭა ჯერ დოცენტის, შემდგომ კი პროფესორის წოდება.
1941 წლის 23 ივნისს დააპატიმრეს, როგორც ხელისუფლების თვალში არაკეთილსაიმედო, და ორ წელიწადზე მეტხანს დაჰყო თბილისის საპატიმროში.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კვლავ უნივერსიტეტს დაუბრუნდა და უცხო ენების სწავლების გარდა ხელი მოჰკიდა აღმოსავლეთის დიპლომატიის ისტორიის კურსს ახლად დაარსებულ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე (1945 წ.)
მას მერე დიდხანს აღარ უცოცხლია. გარდაიცვალა 1946 წლის 1 თებერვალს. ერეკლე ტატიშვილის ცხედარი მისმა ერთგულმა უმცროსმა მეგობრებმა და მოწაფეებმა ხელით წაასვენეს მთაწმინდის უბნიდან–სადაც ერთ პაწია ოთახში ცხოვრობდა– და დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე (მისის საფლავის ქვა ნიკო სამსადაშვილმა ჩამოიტანა).

