ვარლამ თოფურია (დ. 8 იანვარი, 1901, სოფელი ონტოფო, აბაშის მუნიციპალიტეტი — გ. 21 აგვისტო, 1966, თბილისი) – ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1946). სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თსუ-სა (1936-1966) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1936-1966, ჯერ ლექსიკოლოგიის, შემდეგ ქართველურ ენათა განყოფილების გამგე; 1941-1943 წლებში — ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1943-1949 წლებში — დირექტორი). 1945 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა მისი ინიციატივით დაარსებულ ახალი ქართული ენის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია გურამ თოფურია (1930-2006) – ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, ევროპის კავკასიოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.

