ანტონ ნატროშვილი (დ. დეკემბერი, 1852, ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 18 ივნისი, 1930, ტფილისი)
პედაგოგი, სახალხო განათლების და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მეცნიერი, დამსახურებული მასწავლებელი.
ანტონ ნატროშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, სვეტიცხოვლის სარესტავრაციო კომიტეტისა და ბევრი სხვა საზოგადოების წევრი. თანამშრომლობდა გაზეთებში “Кавказ” და “Кавказское обозрение”. მის ნამოწაფართა შორის მრავალი სახელოვანი ადამიანი იყო: პოეტი გიორგი ლეონიძე, ინჟინერი გრიგოლ ქურდიანი, პროფესორი გრიგოლ მუხაძე და სხვები.
მისი შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია მცხეთაზე და სვეტიცხოვლის ტაძარზე, რომელიც პირველი ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევაა ამ საკითხში. ნაშრომს დღესაც არ დაუკარგავს თავისი სამეცნიერო მნიშვნელობა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

