კოტე მარჯანიშვილი (დ. 28 მაისი1872, ყვარელი — გ. 17 აპრილი, 1933, მოსკოვი) – რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი. განათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. მარჯანიშვილი პირველად გამოვიდა 1894 წელს ქუთაისის დრამატულ დასში. ამავე წელს 27 ნოემბერს დებიუტი ჰქონდა თბილისის სცენაზე. 1897 წელს მარჯანიშვილი რუსეთში გაემგზავრა. მსახიობობდა ქ. ელიზავეტგრადში, ქერჩში, ბაქოში, ტაშკენტში, აშხაბადში, ტულაში, ლუგანსკში, ვიატკაში. 1922 წელს მარჯანიშვილი საქართველოში დაბრუნდა და საფუძველი ჩაუყარა ქართულ თეატრს. 1922 წელს მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში დადგა რევოლუციურ-ჰეროიკული სპექტაკლი ლოპე და ვეგას „ცხვრის წყარო“, რომელიც ქართული თეატრის განახლებას დაედო საფუძვლად. 1926 წლამდე მარჯანიშვილი სათავეში ედგა რუსთაველის თეატრს. 1924-1928 წლებში მარჯანიშვილი მოღვაწეობდა ქართულ კინოში. 1928 წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი მე-2 სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით. 2 სეზონის შემდეგ (1928-1930) თეატრი თბილისში გადმოვიდა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს გარდაცვალებამდე (გარდაცვალების შემდეგ, 1933 წელს თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა). 1930 წელს მე-2 სახელმწიფო თეატრმა მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით ჩაატარა გასტროლები მოსკოვსა და ხარკოვში. ეს იყო ქართული თეატრის პირველი გასტროლები საქართველოს გარეთ. გარდაიცვალა 1933 წელს. დაკრძალეს ოპერისა და თეატრის ბაღში, მოგვიანებით გადაასვენეს მთაწმინდის პანთეონში.

