ლაურ მანაგაძე (1944-2019) – ექიმი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აკადემიკოსი. დაამთავრა ი. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს. 1970-1972წწ. მუშაობდა სსრკ სამედიცინო აკადემიის ორგანოთა გადანერგვის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1972-1974წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1974-1984წწ. ექსპერიმენტული ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1984-1985წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1985-2000წწ. უროლოგიის ინსტიტუტის დირექტორად; 1991-1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი; 1998 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2000-2004წწ. იყო საქართველოს უროლოგიის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2019წწ. საქართველოს უროლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი. არის ერთი სახელმძღვანელოსა და 300–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

