შოთა მანაგაძე (დ. 19 მარტი, 1901, ქუთაისი, — გ. 22 ივნისი, 1977, თბილისი) – კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა რუსთაველის თეატრის სტუდია (1925) და სსრკ კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული კინოაკადემიის სარეჟისორო ფაკულტეტი (1938). 1919-35 წლებში მუშაობდა თეატრის მსახიობად და რეჟისორად (მოსკოვი, თბილისი, ქუთაისი). 1935 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. გადაიღო ფილმები: „ჭირვეული მეზობლები“ (1945), „ქართული ბალეტის ოსტატები“, „საბუდარელი ჭაბუკი“ (1957, მოსკოვის I საკავშირო და საფრანგეთის საერთაშორისო კინოფესტივალების პრემიები, 1958), „კეთილი ადამიანები“ (1961), „ხევსურული ბალადა“ (1965, კანისა და ვენეციის, შვეიცარიისა და სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალების პრემიები, 1966, 1957), „ჯვარცმული კუნძული“ (1968), „მოლოდინი“, „წუთისოფელი“. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

