სიმონა დოლიძე (დ. 1885, ამაღლება — გ. 25 სექტემბერი, 1911, ნატანები) – ფირალი და ტერორისტი. დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. მისი მამა ბათუმში მუშაობდა ნავსადგურში მტვირთავების ასისთავად. სიმონა სოფლის ორკლასიანი სასწავლებლის დასრულების შემდეგ ბათუმში გაემგზავრა და მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მის ადგილზე დაიწყო მუშაობა. ბათუმში გაეცნო მარქსისტულ ლიტერატურას და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ დოლიძე ფირალად გავარდა და ტყეში გახიზნულ წითელრაზმელებს შეუერთდა. რევოლუციური კომიტეტის დავალებით დოლიძემ მრავალი ტერორისტული აქტი და დავალება შეასრულა. მონაწილეობდა ლიანდაგების აყრაში, ძარცვავდა ბანკებს, ფოსტებსა და მატარებლებს. გადმოცემის მიხედვით იყო საშუალო ტანის, მსუქანი, სქელი. ლამაზი სახის, თეთრფეროვანი და ჭრელთვალება. თანამედროვენი მას ახასიათებდნენ, როგორც უაღესად გულკეთილ, თავმდაბალ ადამიანს, თუმცა უსამართლობას რომ ნახავდა, პასუხის გაუცემლად არ დატოვებდა.

