კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ჯანელიძე (დ. 24 ოქტომბერი [ძვ. სტ. 5 ნოემბერი], 1888, სოფელი ნიკორწმინდა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — გ. 16 იანვარი 1975, თბილისი) – ქართველი გეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1923), პროფესორი (1925), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946). საქართველოს სსრ I—V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1939-1963). დაამთავრა პარიზის სორბონის უნივერსიტეტი 1910 წელს, 1916 წელს – ყაზანის უნივერსიტეტი. 1911-1915წწ. მასწავლებლობდა ქუთაისში, 1918-1920წწ. კი თბილისში. 1920-1923წწ. სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მუშაობდა გრენობლში, პარიზში, ჰალეში. 1924 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1942-1945წწ. იყო მისი რექტორი. 1925 წელს დააარსა გეოლოგიური ინსტიტუტი და 1955 წლამდე იყო მისი დირექტორი. ამ ინსტიტუტს შემდგომ მისი სახელი ეწოდა. ა. ჯანელიძის აქტიური მონაწილეობით საქართველოში შეიქმნა გეოლოგიური საზოგადოება. ა. ჯანელიძის სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება პალეონტოლოგიის, სტრატიგრაფიის, ტექტონიკისა და თეორიული გეოლოგიის საკითხებს. გამოკვლეული აქვს თბილისისა და მისი მიდამოების გეოლოგიური აგებულება, თანამედროვე გეოლოგიური პროცესები, ასევე მტკვრის ტერასები, ნატახტარის წყაროები და სხვ. შეისწავლა საქართველოს იურული და ცარცული პერიოდების, საფრანგეთის ადრინდელი ცარცული ეპოქის ფაუნა, აგრეთვე ურალის დასავლეთი კალთის დევონური პერიოდის მარჯნული ფაუნა. ავტორია უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments