იოსებ გრიშაშვილი (ფსევდონიმი; ნამდვილი გვარი მამულაშვილი)(დ. 12 აპრილი/24 აპრილი, 1889, თბილისი ― გ. 3 აგვისტო, 1965) – პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1947), სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945). დაიბადა ხარფუხელი კალატოზის ოჯახში. ჭაბუკობიდანვე დაუახლოვდა ქართულ თეატრს, იყო სუფლიორი, მსახიობი, წერდა პატარა პიესებსა და ლექსებს. გრიშაშვილს ეკუთვნის საყურადღებო ლიტერატურული გამოკვლევები. თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. მისი მეუღლე – ქეთო ჯაფარიძე (1901-1968) – მსახიობი, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


