აკაკი ფაღავა (დ. 15 თებერვალი, 1887, სოფ. ნახუნავო, სენაკის მუნიციპალიტეტი — გ. 27 ივნისი, 1962, თბილისი) – რეჟისორი. 1899 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. 1908 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის რუსული ენისა და სიტყვიერების განყოფილებაზე, პაალელურად სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში სარეჟისორო განხრით, რომლის კურსის დასრულების შემდეგ მიიღეს სამხატვრო თეატრში რეჟისორის თანაშემწედ. 1915 წელს ა. ფაღავა სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. შემდეგ, რეჟისორულ მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის თეატრებში, მთელ ენერგიას ახმარდა მისი განვითარების საქმეს. 1920 წელს შეაგროვა დაქსაქსული მსახიობები, შეადგინა დასი, სპექტაკლების მოსამზადებლად დაბა სურამში წაიყვანა, იქიდან დაბრუნებულნი ძალით შეიჭრნენ არტისტული საზოგადოების (დღევანდელი რუსთაველის თეატრი) შენობაში და „ტარტოს“ სპექტაკლების პარალელურად შეუდგნენ ქართული წარმოდგენების გამართვას. ასე განაგრძო იმ თეატრმა არსებობა, რომელიც დღეს რუსთაველის სახელით არის ცნობილი. 1922 წელს აკაკი ფაღავამ თბილისში საფუძველი ჩაუყარა თეატრალურ სტუდიას, რომელსაც 1924 წელს თეატრალური ინსტიტუტის უფლებები მიენიჭა, ხოლო 1939 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტად გადაკეთდა. ღვაწლმოსილი რეჟისორი წლების მანძილზე იყო ამ ინსტიტუტის პრორექტორი და თეატრის ისტორიის კათედრის გამგე სიცოცხლის ბოლომდე. აღსანიშნავია ისიც, რომ ა. ფაღავამ 1924 წელს თბილისის კონსერვატორიასთან ჩამოაყალიბა საოპერო სტუდია და ხელმძღვანელობდა საოპერო კლასს. მასვე ეკუთვნის საქართველოში თეატრალური საზოგადოების დაარსების პრიორიტეტი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

