დავით ჩხიკვიშვილი (დ. 1921 — გ. 1987) – ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1981). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1946-1948წწ. სწავლობდა საქართველოს კომპარტიის ცკ-სთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში; მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში როგორც მფრინავი; 1948-1954წწ. მუშაობდა საზღვარგარეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში; 1954-1955წწ. საქართველოს კომპარტიის კალინინის რაიკომის პირველი მდივანი; 1955-1956წწ. საქართველოს კომპარტიის ცკ-ის მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების გამგე; 1956-1957წწ. საქართველოს კომპარტიის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი; 1957-1961წწ. საქართველოს კულტურის მინისტრი; 1961-1969წწ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი; 1972-1980წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1981-1987წწ. საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრი. 100-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორია, მათ შორის, მონოგრაფიებისა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

