კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ერეკლე II (დ. 7 ნოემბერი, 1720, თელავი — გ. 11 იანვარი, 1798) – 1744-1762 წლებში კახეთის, 1762—1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე. ერეკლე II აკავშირებდა ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს. 1797 წლიდან ერეკლე ავადმყოფობდა, მაგრამ თელავიდან ქვეყნის მართვას და აქტიურ საქმიანობას მაინც განაგრძობდა. ფეხები უსივდებოდა, ამბობდნენ წყალმანკი ჰქონდაო. ფეხების შეშუპების მიზეზი სავარაუდოდ გულის უკმარისობა იყო. მეფეს, რომელსაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი უნაგირზე ჰქონდა გატარებული, ახლა, ცხენზე ამხედრებას, საწოლში წოლა ერჩივნა. ავადმყოფს ქათმის ბულიონი მიართვეს, მაგრამ არ დალია – მარხვაა და მე რომ მარხვა გავტეხო ხალხი რას იტყვის და თავად როგორ მოიქცევაო. 1798 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 5 იანვრიდან გაუნძრევლად იწვა საწოლში. 11 იანვარს, გამთენიისას, თელავის სამეფო სასახლეში, ერეკლე იმავე ოთახში გარდაიცვალა, სადაც 78 წლის წინ დაიბადა. მეფის ცხედარი მართლმადიდებლური წესით გააპატიოსნეს, ორმაგად შეკრულ ხის კუბოში ჩაასვენეს და ყინულები დაულაგეს. კუბო ჯერ სამეფო სასახლის დიდ დარბაზში დადეს, ხოლო 20 დღის შემდეგ კი, სასახლის ახლოს მდებარე, ყორჩიბაშვილების ტაძარში გადაასვენეს. ქვეყანაში დიდმა გლოვამ დაისადგურა. ერეკლეს გლოვობდა დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ქართლ–კახეთში მცხოვრები ყველა ეროვნების, საზოგადოების ყველა ფენის და სარწმუნოების ადამიანი. ისინი თავიანთი პატრონისა და გულშემატკივრის დაკარგვას განიცდიდნენ. მეფის ოჯახის წევრებმა და გარემოცვამ, ცხედარი, სავარაუდოდ, გომბორის გზით წამოასვენეს, თბილისში არ შემოვიდნენ, მახათას მთას გვერდი აუარეს და კუბო, ავჭალის მიდამოებში სვეტიცხოვლის მოპირდაპირე მხარეს, არაგვის ნაპირთან მიიტანეს. მეორე მხრიდან, მცხეთელებმა ფეხით გადმოლახეს არაგვი და მცხეთაში გადაასვენეს მეფის ცხედარი. სვეტიცხოვლის ეზო და ტაძარი შავი ჭირით დაავადებულებით იყო ავსებული. დაავადების შიშით, თელავიდან წამოსული ოჯახის წევრებიდან და ჭირისუფლებიდან ვერავინ შეჰყვა მეფის ცხედარს მცხეთაში, გარდა სამეფო კარის მღდელ ქრისტეფორე ბადრიძე–კეჟერაშვილისა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების საფასურად, ადგილობრივ ბერებთან ერთად, მეფე ყველა ქრისტანული წესის დაცვით დაკრძალა და მცირე აღაპიც გადაუხადა. 1798 წლის 21 თებერვალს, სვეტიცხოვლის ტაძარში მიწას მიაბარეს კიდევ ერთი, ღირსეული წარმომადგენელი ბაგრატიონთა გვარისა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments