ოთარ ზალდასტანიშვილი (1922-2005)
ინჟინერ-მშენებელი, ბიზნესმენი, მეცენატი.
მოღვაწეობდა აშშ-ში. დაიბადა სამხედრო და საზოგადო მოღვაწის სოლომონ ზალდასტანიშვილისა და მარიამ ხირსელის ოჯახში. 1925 წელს დედასთან და ძმასთან — გივისთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა საფრანგეთში, მამასთან. 1945 წელს დაამთავრა პარიზის გზებისა და ხიდების სამშენებლო ინსტიტუტი. 1946 წლიდან მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში. 1947–50 წლებში იყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. 1948 წელს საცხოვრებლად გადავიდა ბოსტონში და კონსულტანტად დაიწყო მუშაობა ფირმაში „Nichols & Norton“. 1952 წლიდან იყო სამშენებლო კორპორაცია „Nichols, Norton & Zaldastani“-ის პარტნიორი, 1956 წელს გახდა აშშ-ის მოქალაქე. 1964–89 წლებში ბოსტონში იყო „Zaldastani Association“-ის პრეზიდენტი, ხოლო 1989–97 წლებში — თავმჯდომარე. პარალელურად 1961 წლიდან ლექციებს კითხულობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში სამშენებლო მექანიკაში. იმავდროულად მიიწვიეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში წყალქვეშა გემების დინამიკის საკითხებთან დაკავშირებულ კვლევით სამუშაოებზე. მოგვიანებით სამუშაოდ მიიწვია საბრძოლო თვითმფრინავების ავიაკონსტრუქტორმა — ალექსანდრე ქართველმა. ზალდასტანიშვილის ავტორობით და მონაწილეობით აშენებულია 1000-ზე მეტი სამშენებლო ობიექტი (ბოსტონის აეროპორტი, ბოსტონის ერთ-ერთი მთავარი მოედანი და სტადიონი, დუბაის მახლობლად არქიტექტურული კომპლექსი პალმ-ჯუმეირა — პალმის ფორმის 200 ხელოვნურ კუნძულზე შექმნილი ნაგებობების ანსამბლი, რომლის მშენებლობაში გამოყენებულია ზალდასტანიშვილის მიერ დამუშავებული ზღვაში ხელოვნური ნიადაგის შექმნის პრინციპი და სხვა).
დაკრძალულია მაუთ ობურნის სასაფლაოზე.
