კორნელი სანაძე (დ. 19 სექტემბერი/2 ოქტომბერი, 1907, დაბა ხონი — გ. 27 თებერვალი, 1985, თბილისი) –
ფერმწერი, გრაფიკოსი, პროფესორი, საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
თბილისის ეკონომიკური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, სახვითი ხელოვნებით გატაცებული ახალგაზრდა 1922 წელს შევიდა მოსე თოიძის სახალხო სამხატვრო სტუდიაში, სადაც სწავლობდა 1924 წლამდე. ამავე წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1929 წელს აკადემიის დამთავრების შემდეგ, სანაძემ დაიწყო დამოუკიდებელი შემოქმედებითი მოღვაწეობა, ხოლო 1934 წლიდან იგი ფერწერას ასწავლიდა აკადემიაში. 1924 წლიდან სანაძე უკვე ყველა რესპუბლიკური გამოფენის მონაწილეა, მუშაობს მხატვართა ასოციაციებში, მხატვართა კავშირის გამგეობებში. მას გაფორმებული აქვს კინოფილმები: ”დარიკო”, ”ქალი მწვანეში”. ასევე ოპერისა და ბალეტის თეატრში: ”კარმენი”, ”დაისი”, ”მთების ძახილი”, ”დედა და შვილი”. რუსთაველის თეატრში: ”ტირიფის ქვეშ”. მარჯანიშვილის თეატრში: ”კოლმეურნეს ქორწინება”, ”შამილი”. ქუთაისის თეატრში: ”ოტელო”, ”გუშინდელნი”, ”კიკვიძე”. ბათუმის თეატრში: ”ფოლადაური”, ”პური”.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

