ალოიზ მიზანდარი (დ. 1 სექტემბერი/13 სექტემბერი 1838, გორი — გ. 1 ივნისი/14 ივნისი 1912, თბილისი) –
პიანისტ-ვირტუოზი, კომპოზიტორი და პედაგოგი. პირველი ქართული დაბეჭდილი ნაწარმოების ავტორი (რომანსი „ჩვენ დავშორდით“ 1863 წ.), საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელი, პირველი სამუსიკო სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, რუსეთის საიმპერატორო მუსიკალური საზოგადოების თბილისის განყოფილების საპატიო წევრი.
1855-1863 წწ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. გამოდიოდა უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მილი ბალაკირევსა და ანტონ რუბინშტეინთან ახლო ურთიერთობამ გავლენა იქონია მიზანდარის შემდგომ მოღვაწეობაზე. ხ. სავანელსა და კ. ალიხანოვთან ერთად 1874 წელს თბილისში დააარსა სამუსიკო სკოლა, რომელიც 1886 წელს სამუსიკო სასწავლებლად, ხოლო 1917 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად გადაკეთდა. პეტერბურგში სწავლისას და ევროპაში გასტროლების დროს (პარიზი, ვენა 1865-1867) ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩაიკოვსკისთან, რუბინშტეინთან, ბალაკირევთან, ლისტთან, როსინისთან, ბრამსთან, გუნოსთან, ვერდისთან და სხვ. გადმოცემის თანახმად, მიზანდარი და ლისტი ხშირად უკრავდნენ ოთხ ხელში.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

