კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გურამ ფანჯიკიძე (დ. 1933 — გ. 1997) –
მწერალი, რედაქტორი.
1956 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პარალელურად, იყო გაზეთ „ლენინელის“ რედაქტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 50-იანი წლების დამლევს. მისი პირველი მოთხრობები, „საღამო“, „რაშიდა“, „თოვლიანი დღე“ 1964 წელს გამოიცა. პირველი რომანი – „მეშვიდე ცა“ – ასევე „ცისკარში“ 1967 წელს გამოქვეყნდა და იმთავითვე დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ასევე ფართო გამოხმაურება მოჰყვა მწერლის მეორე როამანს – „თვალი პატიოსანი“, შემდგომ კი რომანებს – „აქტიური მზის წელიწადი“ (რომლისთვისაც შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია მიენიჭა) და „სპირალი“. გურამ ფანჯიკიძის კალამს აგრეათვე ეკუთვნის არაერთი პუბლიცისტური ნარკვევი, სამეცნიერო-პოპულარული სტატია და დოკუმენტური პროზის ნიმუში. სხვადასხვა პერიოდში გურამ ფანჯიკიძე რედაქტორობდა ლიტერატურულ გამოცემებს: ალმანახ „განთიადს“, ჟურნალ „ცისკარს“; 1979 წლიდან გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი იყო. იყო მისივე ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების – „ლევან ხიდაშელი“, „თვალი პატიოსანი“ და „სპირალი“ – სცენარის ავტორი.
გურამ ფანჯიკიძე მოულოდნელად გარდაიცვალა 1997 წელს, ქობულეთში, ზღვაში ბანაობის დროს გულმა უმტყუნა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია დალი ფანჯიკიძე (1937-2018) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მთარგმნელი.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments