ვალერიან კანდელაკი (დ. 19 ივლისი, 1918, სოფ. სუფსა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 2 აპრილი, 1983, თბილისი) –
დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
საშუალო სკოლა ბათუმში დაამთავრა 1936 წელს და იქვე შევიდა პედაგოგიურ ინსტიტუტში ჯერ მათემატიკის, შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პარალელურად დაუსწრებლად სწავლობდა საკავშირო იურიდიულ ინსტიტუტში, საბოლოოდ 1940 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ხელი მიჰყო იურისტობას.
იმ პერიოდში ბათუმის თეატრს სათავეში ედგა გამოჩენილი ქართველი რეჟისორი არჩილ ჩხარტიშვილი, რომლის მაღალმხატვრულმა სპექტაკლებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს ახალგაზრდა იურისტის შემდგომი ცხოვრების გზა. თავი დაანება თავის პროფესიას და ხელი მოჰკიდა მწერლობას. თეატრმა მოიწონა და დადგა ახალგაზრდა დრამატურგის რამდენიმე ნაწარმოები, მათ შორის დიდ სამამუო ომისადმი მიძღვნილი პიესა „ბაბუა თევდორე“, რომელიც ასევე წარმატებით იდგმებოდა ჭიათურის თეატრის სცენაზე. ამას მოჰყვა „სარეველა“, „მაია წყნეთელი“, „ქართლის ჩირაღდნები“, „ნაკრძალში“, „დრო-24 საათი“, „გრძელი დღე“, „ოქროს საწმისი“, „აიეტი“ და სხვა. დრამატურგს ეკუთვნის „მაია წყნეთელის“ კინოსცენარი, რომელიც რეზო ჩხეიძემ გადაიღო. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად. მისივე სცენარით განხორციელდა სატელევიზიო დადგმები „მოლოდინი“ და „იხატებოდა სურათი“.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

