ეკატერინე ბურჯანაძე (1885-1972) – მწერალი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი. დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზია 1905 წელს. მასწავლებლად მუშაობდა 40 წლის მანძილზე თბილისის საკვირაო, ქალთა საზოგადოების, მე–2 საქალაქო, მე–18 საშუალო და 53–ე საშუალო სკოლებში; თანამშრომლობდა ჟურნალ “ნაკადულში”. მისი პედაგოგიური წერილები, მხატვრული მოთხრობები და თარგმანები იბეჭდებოდა ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე; 1927 წლიდან თავის დასთან, ნინო ბოცვაძესთან ერთად მუშაობდა სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენაზე; 1944 წელს მათ იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” საფუძველზე შეადგინეს საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენის სახელმძღვანელო. საბავშვო მწერალი, მეთოდისტი, მთარგმნელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

