ვაჟა ფშაველა (1861-1915) – ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი. 8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფელ ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელი პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. 1883-1884 წლებშიპეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალშიცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. მძიმე შრომამ და შეჭირვებამ ვაჟას მალე შეურყია ჯანმრთელობა. მას ფილტვის პლევრიტი დაუდგინეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ერთხანს თითქოს მოიკეთა. ქართულმა სიტყვაკაზმულმა საზოგადოებამ ისარგებლა მგოსნის გამოკეთებით და ლიტერატურული საღამო გაუმართა, რომლის ბოლოსაც ვაჟას მიართვეს დაფნის გვირგვინი წარწერით – „ქართული პოეზიის არწივს“. მუხთალმა სენმა ვაჟას თავი მაინც არ ანება. მიუხედავად ექიმთა მცდელობისა, ვეღარ უშველეს. 1915 წლის 27 ივლისს ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 1935 წლის 18 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების ოცი წლის თავზე, მისი ნეშტი გადაასვენეს მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 1957 წლამდე კი დიდუბის პანთეონში იყო გაკეთებული წარწერა: „აქ განისვენებდა ვაჟა ფშაველა“. 1957 წლის 24 მარტს ვაჟას ნასაფლავარში დაკრძალეს მისი მეუღლე — თამარ გიორგის ასული დიდებაშვილი-რაზიკაშვილი.





ვაჟა-ფშაველას გადასვენება მთაწმინდაზე
ოფიციალურად, ვაჟა-ფშაველა მთაწმინდის პანთეონში 1935 წლის 18 ოქტომბერს გადაასვენეს. სწორედ 18 ოქტომბერს გაიმართა მიტინგი მწერლის ახალ სამარესთან, სადაც „გრძნობიერი და ლამაზი“ სიტყვა თქვა პაოლო იაშვილმა, სადაც სკოლის მოსწავლეებმა მინდვრის ყვავილები მიიტანეს, გიორგი ლეონიძემ კი ვაჟასთვის მიძღვნილი ლექსი წაიკითხა: „შენ დაგმარხეს ბორკილებით – ჩვენ დროშებით ამოგიღეთ!“ დღე დასრულდა ვაჟას საღამოთი, რომელსაც კონსერვატორიის დარბაზმა უმასპინძლა… ასეთი იყო გადასვენების ოფიციალური მხარე, მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? ვინ და როდის ამოთხარა ვაჟას საფლავი დიდუბის პანთეონში და რა ვითარებაში გადაასვენეს პოეტის ცხედარი?
სინამდვილეში ვაჟას საფლავი დიდუბის პანთეონში 1935 წლის 16 ოქტომბერს, ღამით გაიხსნა. სიბნელეში, ფარნების შუქზე, საფლავთან მუქი სილუეტები ირეოდნენ. ნეშტი ახალ კუბოში იყო ჩასვენებული (ძველი დამპალი და დაშლილი აღმოჩნდა), თავი და ძვლები ჩოხის ნაფლეთებში ჩაეწყოთ, ჩოხის შალი არ დამპალიყო. შენახული აღმოჩნდა აგრეთვე ჩექმები, რომლებიც მხოლოდ გადახსნილიყო წუღის ძაფის დაშლის გამო.
გადასვენებას ესწრებოდა ქართველ მწერალთა ჯგუფი. მოგვიანებით ერთ-ერთმა ამ ჯგუფიდან, ლევან ასათიანმა 16 ოქტომბრის ღამის ეს ამბავი თავის უბის წიგნაკში აღწერა:
„თავის ქალაზე აქა-იქ თმის ღეროები შერჩენოდა. აგრეთვე ულვაშები და ოდნავ წამოზრდილი წვერი (ერთი დამსწრეთაგანი ამტკიცებდა, რომ მიცვალებულს ერთი თვის განმავლობაში კიდევ ეზრდება წვერი). გოგლა ლეონიძე და პაოლო იაშვილი, სანამ კუბოს თავს დახურავდნენ, ღობის იქით იცდიდნენ, – არ შეგვიძლია ძვლებს შევხედოთო. ილო მოსაშვილი კი საფლავში ჩამდგარი, მესაფლავეებს ეხმარებოდა ძვლების ამოკრებვაში“.
გადასვენებაში ასევე მონაწილეობდნენ სიმონ ჩიქოვანი, ალექსანდრე ქუთათელი, კარლო კალაძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ლევან აღნიაშვილი, გრ. ჯაფარიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, მიკოლა ბაჟანი, ბენედიქტ ლივშიცი. გვიან ღამით მწერლების ამ ჯგუფს შეუერთდნენ და ნეშტის დასაფლავებას დაესწრნენ: ტიციან ტაბიძე ცოლით, შალვა აფხაიძე, აკაკი გაწერელია, შალვა დემეტრაძე… თუმცა, როგორც ლევან ასათიანი იხსენებს, ტექნიკური პრობლემების გამო გაჭირდა კუბოს ატანა მთაწმინდაზე. საქმე ისაა, რომ გადასვენების ტექნიკური ორგანიზაცია მიენდოთ ივანე ენიკოლოფოვისათვის (მკვლევარი, დიდუბის და მთაწმინდის პანთეონების დირექტორი მრავალი წლის განმავლობაში), რომელსაც საბარგო მანქანის მაგიერ ცხენიანი ბალდახინი მიეყვანა. ცხენით გადასვენება შეუძლებელი იყო, რადგან უკვე დაგვიანდა და ბალდახინი ნელი სვლით დილამდე მოუნდებოდა მთაწმინდაზე ასვლას.
„გადავწყვიტეთ კუბო „ფორდის“ პატარა ავტომანქანაში ჩაგვედო“, – იხსენებს ლევან ასათიანი, – „მანქანა ერთ-ერთ დამსწრეს ეკუთვნოდა. ცხადია, კუბო არ გაიმართა პატარა სამგზავრო ავტომანქანაში. იძულებული გავხდით, კუბო გარდიგარდმო დაგვედო. მისი ერთი მესამედი გარეთ იყო დარჩენილი. მანქანაში ჩასხდნენ ილო მოსაშვილი, ორი მესაფლავე და წავიდნენ. საწყალი ვაჟა-ფშაველა ასე საცოდავად ჩაკვეტებული მანქანაში, გავაგზავნეთ მთაწმინდისკენ. რატომ ხდებოდა ასე ჩუმად და საიდუმლოდ ეს ამბავი, ვერ ამეხსნა. ჩვენ მოვიპარეთ თითქოს მისი სხეული, რომ ქვეყანას არ გაეგო. Пачему так нищенски все это обставлено? (რატომ არის ყოველივე ეს ასე ღატაკურად მოწყობილი?) – მკითხა გაკვირვებულმა მიკოლა ბაჟანმა.“
ლევან ასათიანის თქმით, მთაწმინდაზე რომ ავიდნენ, კუბო უკვე საფლავის გვერდით დახვდათ დადგმული. უხეირო ფოტოგრაფი ცოდვილობდა სურათის გადაღებაზე. ბენგალის ფხვნილი ნესტიანი აღმოჩნდა და ცეცხლი არ ეკიდებოდა. როგორ იქნა, ბოლოს მოაწყო თავისი აპარატი და გადაიღო სურათი – მწერლების ჯგუფი დგას კუბოსთან.
ქართველი მწერლები ვაჟას ნეშტთან მთაწმინდაზე, 1935 წლის 16 ოქტომბერი. ფოტო ინახება გ. ლეონიძის ქართული ლიტერატურის მუზეუმში
ქართველი მწერლები ვაჟას ნეშტთან მთაწმინდაზე, 1935 წლის 16 ოქტომბერი. ფოტო ინახება გ. ლეონიძის ქართული ლიტერატურის მუზეუმში
კუბოს თავი კარგა ხანს ყოფილა ახდილი. გადასვენებაში მონაწილე მწერლებს მიუტანიათ ბევრი ყვავილი.
ლევან ასათიანი: „კუბო გაავსეს ყვავილებით, ბალახით, ხის ფოთლებით. ვაჟას თავის ქალა ძლივს მოჩანდა ყვავილებსა და ფოთლებში. გულგრილი, იდუმალი და ბნელი თვალის ღრუებით მოგვჩერებოდა ის – შორეული და უცხოქვეყნიერი – სრულიად სხვა თაობის, სხვა ადამიანებს“.
კუბოს თავი დაახურეს. მესაფლავეებმა ჩაუშვეს ვაჟა ახალ სამარეში. პოეტებმა მიაყარეს მიწა მის საფლავს. თურმე განსაკუთრებით ირჯებოდა ვალერიან გაფრინდაშვილი, რომელიც მისტიური შიშით შეპყრობილი, სრულიად არ გაჰკარებია კუბოს, სანამ მისი თავი ახდილი იყო. ახლა კი ხელში ვეებერთელა ნიჩაბი დაეკავებინა და გულმოდგინედ ყრიდა მიწას საფლავშიო, იხსენებს ლევან ასათიანი.
…ასე დაკრძალეს ხელახლა ვაჟა-ფშაველა აკაკი წერეთლის სიახლოვეს. საფლავზე დევს დაუმუშავებელი კლდის ნატეხი წარწერით „ვაჟა-ფშაველა“ და ერთი კონა ყვავილი.
სტატია მოამზადა : ჯიმშერ რეხვიაშვილი