პეტრე უმიკაშვილი (დ. 5 ოქტომბერი, 17 ოქტომბერი, 1834, თბილისი — გ. 10 იანვარი/23 იანვარი, 1904, თბილისი) –
ქართული ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ლიტერატორი და პუბლიცისტი.
დაიბადა თბილისელი კათოლიკეების ოჯახში. უსახსრობის გამო პეტერბურგში ვერ გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად და ეს მხოლოდ მოგვიანებით, 1867 წელს შეძლო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა თბილისის პირველ გიმნაზიაში დაიწყო. აქ მან 25 წელი იღვაწა ქართულის მასწავლებლად. პირველი ლიტერატურული ნაშრომი დაბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. 1874 წელს დაბეჭდა ქართული ხალხური სიტყვიერების მარგალიტები — „ლექსები სახალხო სიმრერებისაგან შედგენილი“, გამოაქვეყნა „არსენას ლექსი“, „ეთერიანი“, „ქართული ანდაზები“ და სხვა. პეტრე უმიკაშვილი იყო ქართული ენისა და წიგნის ქომაგი. მან ჯერ კიდევ 1864 წელს შეადგინა და გამოსცა „ქართული ანბანი“ (მოგვიანებით ამ წიგნის კიდევ ორი გამოცემა გამოვიდა), „დედანი ქართული წერისა“ (პირველი ანალოგიურ გამოცემათა შორის), მისი “ხალხური სიტყვიერება”, სადაც პეტრე უმიკაშვილის მიერ შეგროვებული მასალის უმრავლესი ნაწილია მოთავსებული, გამოიცა 1964 წელს 4 ტომად სახელმწიფო (მაშინ საბჭოთა) მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ და სხვა მრავალი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

