გივი ჩოხელი (დ. 27 ივნისი, 1937, თელავი – გ. 25 თებერვალი, 1994, თბილისი) – ფეხბურთელი, ევროპის პირველი ჩემპიონი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1959). კარიერის მანძილზე ითამაშა თელავის „ნადიკვარსა“ და თბილისის „დინამოში“. კარიერის დასრულების შემდეგ იგი მოღვაწეობდა სხვადასხვა სამწვრთნელო პოზიციებზე (1969-1970), 1974 წელს კი გახდა მთავარი მწვრთნელი. 19 მატჩი ჩაატარა საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, მონაწილეობდა 1960 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატსა და 1962 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში, სადაც საბჭოთა კავშირმა ოქროს მედალი მოიპოვა. 1960 წლის 10 ივლისს პარიზის პარკ დე პრენსზე იუგოსლავიის ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ ფინალურ მატჩში გივი ჩოხელი მეორედ გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და უაღრესად დაძაბული ბრძოლის შემდეგ , 23 წლის ასაკში, ევროპის უმაღლესი საფეხბურთო ჯილდოს მფლობელი გახდა. ის იყო პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრებში დაცვის ხაზზე იდგა. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

