გიორგი ლასხიშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1866, ქუთაისი — გ. 15 მარტი, 1931, თბილისი) –
პუბლიცისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრი
1884 წელს ჩაირიცხა ოდესის (ნოვოროსიის) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1887 წელს გარიცხეს უნივერსიტეტიდან, ხოლო 1888 წლის 2 თებერვალს დააპატიმრეს და 6 თვე ქუთაისის ციხეში ამყოფეს. გათავისუფლების შემდეგ ერთ ხანს მუშაობდა საადგილმამულო ბანკში, მაგრამ 1889 წლის ზაფხულში კვლავ დააპატიმრეს და 5 წლით გააციმბირეს. 1894 წელს გ. ლასხიშვილი საქართვეოში დაბრუნდა მტკიცე გადაწყვეტილებით — მთელი თავისი ცოდნა და ენერგია მოეხმარებინა მშრომელი ხალხის თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის. 1905 წელს პარიზში ყოფნისას იყო გაზეთ “საქართველოს” ერთ-ერთი რედაქტორი. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის XI არმიის შემოტევების შედეგად როგორც მთავობის ყველა წევრი გ. ლასხიშვილიც ოჯახით ბათუმში ჩავიდა ემიგრაციაში წასასვლელად. მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვა გამგზავრებაზე და საქართველოში დარჩა. საბჭოურ ხანაში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე საბოლოოდ ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას და მუშაობდა საგარეო ვაჭრობის სამინისტროში საფინანსო აგენტად, ბანკის გამგეობის წევრად. 1926 წელს სამსახურსაც დაანება თავი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

