გიგა ბათიაშვილი (1934-2021) – არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1958 წელს. 1967 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიაში; 1973-1979წწ. იყო ტექნიკის ესთეტიკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის მთავარი მხატვარი და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1978 წლიდან ხელმძღვანელობდა საპროექტო ინსტიტუტის “თბილქალაქპროექტის” თბილისის სახელმწიფო დაცვითი ზონის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის სპეციალური არქიტექტურის სახელოსნოს. არის ისტორიული ქალაქების აღდგენა-განაშენიანების დარგში სამეცნიერო გამოკვლევების ავტორი. ძირითადი ნამუშევრები: თბილისის მეტროპოლიტენის სადგური “300 არაგველი”(1967), თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგური(1970-19711), იტალიელთა წინააღმდეგობის მოძრაობის გმირთა მემორიალი პერეზაში(ქ. არონის მახლობლად, იტალია, 1972), თბილისის ისტორიული უბნების–შარდენის ქუჩის, ბამბის და რკინის რიგების, ღვინის აღმართის, ქარვასლის, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიისა და ორბელიანთ უბნის განაშენიანების რეკონსტრუქცია-რეგენერაციის(1979–1989), ძველი თბილისის ცალკეული შენობების, მეიდნის, ქეთევან წამებულის პროსპექტის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის პროექტების ავტორი. არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიკოსი(1992). 1983 წელს გადაეცა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჯილდო “სამკერდე ჯვარი”; 1985 წელს თბილისის ისტორიული ნაწილის ქალაქთმშენებლობითი გარემოს ორგანიზაციისათვის არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის პრემია. დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

