ვალერიან გაფრინდაშვილი (დ. 2 იანვარი, 1889 [ძვ. სტ. 21 დეკემბერი, 1888], ქუთაისი — გ. 31 იანვარი, 1941, თბილისი) — პოეტი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1914 წელს კი – მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ლექსების წერა სტუდენტობიდან დაიწყო. წერდა რუსულ ენაზე. პირველი ქართული ლექსი 1915 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „მეგობარში“. 1916 წელს იყო „ცისფერყანწელების“ ორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი. 1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, 1919—1924 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „მეოცნებე ნიამორებს“. წლების მანძილზე თავმჯდომარეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელობით სექციას და გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთანვე პანთეონში დასაფლავებული არიან: მეუღლე — ირინა ჭავჭავაძე (დ. 1892, ყვარელი — გ. 8 მარტი, 1958, თბილისი) — პედაგოგი. ქალიშვილი — ნანა გაფრინდაშვილი (დ. 27 ოქტომბერი, 1928, თბილისი — გ. 4 მაისი, 1992).

