შალვა დემეტრაძე (დ. 1907, ცხრაწყარო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 25 ოქტომბერი, 1971, თბილისი) — მწერალი და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა ჯერ ქუთაისის, ხოლო შემდეგ ზესტაფონის გიმნაზიაში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო გაზეთ „კომუნისტში“. ერთ ხანს მოღვაწეობდა გამომცემლობა „საბჭოთა მწერალში“. აქედან მოყოლებული, თითქმის 40 წელი უანგაროდ ემსახურა ქართული წიგნის გამოცემის საქმეს, ჯერ გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნებაში“, შემდეგ „მერანში“. მისი ასეთი სიყვარული ქართული წიგნისადმი შემთხვევითი არ ყოფილა. შ. დემეტრაძე ყრმობიდანვე ეზიარა ქართულ პოეზიას, ახლო ურთიერთობა ჰქონდა „ცისფერყანწელებთან“, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

