კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დავით სარაჯიშვილი (დ. 28 ოქტომბერი, 1848, თბილისი — გ. 20 ივნისი, 1911) – ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე. ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. სახელი გაითქვა, როგორც მრეწველმა და ქველმოქმედმა. 1866 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნისმეტყველო ფაკულტეტზე. ერთი წელი სწავლობდა მიუნხენის უნივერსიტეტში, შემდეგ კი — ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელიც 1871 დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1872-1878 ჰოენჰაიმისა და ჰალეს უნივერსიტეტებში სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას. 1878 გაემგზავრა საფრანგეთში მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად. დავითი ოცდატქევსმეტი წლის იყო როცა ხელი მიჰყო მრეწველობას და კავკავში არყის ქარხანა შეიძინა. არყის ხდას მოჰყვა ჯერ ლიქიორის ხოლო შემდეგ კონიაკის დაყენება. კონიაკის დაყენება მეფის რუსეთში პირველად დავით სარაჯიშვილმა დაიწყო. 1889-1913 სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით „ძველისძველმა“) და ლიქიორმა რუსეთსა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო ოქროს (9), ვერცხლის (5) და ბრინჯაოს მედლები. სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა. გარდაიცვალა 1911 წელს, დაკრძალეს დიდუბის პანთეონში. 1939 წელს შეიქმნა კომისია, რომელსაც დიდუბის პანთეონში არსებული “უცხოსაფლავების” სიის დაზუსტება დაევალა. ამ სიაში მოხვდა დავით სარაჯიშვილისა და ეკატერინე ფორაქიშვილის საფლავები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნეშტები დიდუბის პანთეონიდან ათი დღის ვადაში უნდა გადაესვენებინათ, რადგან ისინი “არ იყვნენ საზოგადო მოღვაწეები და მნიშვნელოვანი ფიგურები ქართული საზოგადოებისათვის”. დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის ნეშტები ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს. 1995 წელს დაიწყო საუბარი იმაზე, რომ დავით სარაჯიშვილისა და ეკატერინე ფორაქიშვილის ნეშტები ვაკის სასაფლაოდან უფრო შესაფერის ადგილას გადმოესვენებინათ. ასეთ ტერიტორიად ქაშუეთის ეკლესიის ეზო განისაზღვრა, რადგან 1904-1910 წლებში ქაშუეთის ეკლესია დღევანდელი სახით სწორედ დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით აშენდა და მის ცენტრალურ შესასვლელში, მთავარ კარზე არის როგორც ეკატერინე ფორაქიშვილის, ასევე დავით სარაჯიშვილის მონოგრამები.

დავით და ეკატერინე სარაჯიშვილების საფლავი ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments