კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი მაჩაბელი (დ. 1885 წ. — გ. 31 მარტი, 1935) – ქიმიკოსი, გამომგონებელი, პოლიტიკოსი. ცნობილი პარფიუმერი, “სუნამოების პრინცად” წოდებული. 1922 წ. ის ამერიკაში გადასახლდა. გიორგი მაჩაბელი, წარმატებული ბიზნესის მიუხედავად, არ ჩამოშორებია საზოგადოებრივ საქმეებს. ის იყო 1931 წ. შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი. გიორგი მაჩაბელი დიდი მატერიალურ დახმარებას უწევდა არა მარტო სათვისტომოს, არამედ ყველა გაჭირვებულ ქართველს. 1924 წელს გახსნა ანტიკვარული მაღაზია “წითელი და შავი” და როგორც საქმოსანმა სულ მალე გაითქვა სახელი. თუმცა არ ივიწყებდა თავის ძველ გატაცებას – სუნამოების შეზავებას და 1926 წ. დააარსა პარფიუმერული კომპანია “Prince Matchabelli”, რომელიც 1920-1930–იან წლებში აშშ–ს უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. ეს მიგნება ეკუთვნოდა მის მეუღლეს. პირველი სუნამო, რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადამ იყო “საქართველოს დედოფალი” , მას მოჰყვა “პრინცესა ნორინა”, “დიუშეს ოფ იორკ”, “ოქროს შემოდგომა”, სააბაზანო ზეთი “აბანო”, ოდეკოლონი “ქარის სიმღერა”, დაპრესილი პუდრი და პომადა. ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძე) მინის კომპანიაში დაამზადეს გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელიც ნახევრად ავტომატური მეთოდით კეთდებოდა, მაგრამ ოქროთი მოვარაყება, ორქოსფერი ზარნიშისა და ზონრის დამზადება ხელით ხდებოდა. სულ მალე გიორგი მაჩაბლის გვირგვინები მთელ ამერიკას მოედო. ფირმის პირველი მუშები გიორგი მაჩაბლის მეგობრები იყვნენ, მასავით ლტოლვილი არისტოკრატები, მათი ცოლები და ქალიშვილები, ამიტომ ფირმის თანამშრომლებმა შეადგინეს ყველაზე დიდგვაროვანი, თავაზიანი პერსონალი მთელ ამერიკაში. გიორგი მაჩაბელმა უბრალო ჰობიდან ათ წელში შექმნა არა მარტო მილიონიანი ბიზნესი, არამედ გახდა ნოვატორიც. როდესაც მაჩაბელმა თავისი ბიზნესი წამოიწყო ამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა ჯერ არ გააჩნდა, რაც მზადდებოდა ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლები იყო ძირითადად. ასე რომ, გიორგი მაჩაბელმა შეავსო ის სიცარიელე, რაც იმ დროს არსებობდა ამერიკულ სპარფიუმერიო წარმოებაში. 1935 წ. ივნისისთვის მე-5 ავენიუზე გიორგი მაჩაბელს დაგეგმილი ჰქონდა სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა. მარტში კი ფილიალების გახსნის მიზნით იმოგზაურა შანხაისა და კალიფორნიაში, მაგრამ გზაში გაცივდა 1931 წ. 31 მარტს ნიუ–იორკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. დაკრძალულია ლონგ–აილენდის სასაფლაოზე, ნიუ–იორკში, აშშ. ფირმა კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, პროდუქცია მისი დამფუძნებლის სახელით და რეცეპტით გამოდის და საფირმო ნიშანიც იგივეა – ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები. დღესდღეობით “პრინცი მაჩაბელი” ითვლება მსოფლიო პარფიუმერიის კლასიკად.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments