მიტროფანე ლაღიძე (დ. 1869 — გ. 1960) – საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, უალკოჰოლო სასმელების წარმოების დამფუძნებელი საქართველოში, ლაღიძის წყლის დამაარსებელი. 14 წლის იყო, როდესაც მუშაობა დაიწყო ქუთაისში, პეტრე (პავლე) კოკოჩაშვილისა და ცეზარ ივანოვსკის აფთიაქში. 1900 წელს მან ქუთაისის ლიმონათის წარმოების ბაზაზე შექმნა ხილეული სასმელების წარმოების ამხანაგობა და უალკოჰოლო სასმელების მაღაზია გახსნა. 1902 წელს იგი გაემგზავრა გერმანიასა და საფრანგეთში, სადაც მან ხილეული წყლის წარმოების მეთოდი და ტექნოლოგია შეისწავლა. 1890–1917 წლებში ქუთაისში დახმარებას უწევდა რევოლუციონერებს. იყო წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მისი ხელშეწყობით 1904 წელს ქუთაისში აშენდა ელექტრო სადგური, რომელმაც პირველად მიაწოდა ქუთაისს ელექტრო ენერგია. მან პირველმა გამოიყენა წარმოებაში საქართველოს სხვადასხვა რაიონის ხილი ნატურალური უაკოჰოლო სასმელების დასამზადებლად. შეიმუშავა ხილის სიროფის დამზადების ორიგინალური მეთოდი, ხილის ესენციების რეცეპტურა და მიღების ტექნოლოგია. მის მიერ დამზადებულ სასმელებს მიღებული აქვს ოქროსა და ვერცხლის მედლები. მის მიერ შემუშავებული რეცეპტურა საფუძვლად დაედო უალკოჰოლო სასმელების წარმოების განვითარებას. იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის უალკოჰოლო სასმელების ქარხანას. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

