არტემ ბოჯგუა (1902-1957) – საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექტორი (რექტორი) 1936-1948 წწ. დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1934 წელს. 1923 წლამდე მუშაობდა სოფლად; 1924-1929წწ. მსახურობდა ქ. თბილისში, კავალერისტთა პოლკში; მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ “საქშახტპროექტში” დამპროექტებლად; 1937 წლის აგვისტოში დაინიშნა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექტორად, სადაც მუშაობდა 1949 წლამდე; 1946 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1947 წელს აირჩიეს დოცენტად და მუშაობდა სამთო-სამშენებლო მანქანებისა და ტრანსპორტის კათედრაზე; 1949-1951წწ. მივლინებული იყო ქ. მოსკოვში, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში დოქტორანტურის კურსის გასავლელად; 1951-1956წწ. მუშაობდა საკავშირო სამრეწველო ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ; 1956 წლიდან პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მხაზველობითი გეომეტრიისა და გრაფიკის კათედრაზე; განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი უდიდესი დამსახურება ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო ბაზის შექმნისა და სრულყოფის საქმეში; 1937 წლის ბოლოს ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექციისა და უშუალოს მისი ინიციატივით შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელსაც ევალებოდა ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსის განვითარება და მისი მშენებლობის ხელმძრვანელობა; ინსტიტუტის საბურთალოს კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 1939 წელს და დასრულდა 1952 წელს; აღსანიშნავია, აგრეთვე მისი დიდი დამსახურება და განსაკუთრებული ზრუნვა ინსტიტუტის სასწავლო ლაბორატორიების ინვენტარითა და სხვა საჭირო მოწყობილობებით აღჭურვის საქმეში; მიუხედავად ომის მძიმე და გაჭირვებული პერიოდისა, ინსტიტუტის კაბინეტ-ლაბორატორიები თითქმის უზრუნველყოფილი იყო სასწავლო პროცესისათვის საჭირო აღჭურვილობით; იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოგონების ავტორი სამგზავრო კიდული ბაგირგზების სფეროში; მისი დირექტორობის პერიოდში 1947 წელს, დაარსების 25 წლისთავზე, ინდუსტრიულ ინსტიტუტს ეწოდა “საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი”. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

