მიხეილ მურვანიშვილი (დ. მაისი, 1875, სურამი, ხაშურის მუნიციპალიტეტი – გ. იანვარი, 1959 ) – მეტყევე. დაამთავრა ახალციხის სატყეო სასწავლებელი 1893 წელს. 1893 წელს იყო მარტყოფის სატყეოს უფროსის თანაშემწე; 1897 წლიდან გადაყვანილ იქნა შულავერში იმავე თანამდებობაზე; 1903 წლიდან მუშობს აბასთუმნის სატყეოს გამგის თანაშემწედ; 1910 წლიდან წაღვერის სატყეოს უფროსად; 1922 წელს ინიშნება ბორჯომის მამულის მმართველის მოადგილედ და ტყეების მთავარ გამგედ; 1923 წელს ბორჯომში მოაწყო რესპუბლიკაში პირველი თესლის საშრობი ქარხანა, რომელიც აღჭურვილი იყო ყოველგვარი დამხმარე მანქანა-იარაღებით, ამით საფუძველი ჩაუყარა ტყის სათესლე მეურნეობას; ეს თესლი, საქართველოს გარდა, იგზავნებოდა მოსკოვის, ლენინგრადის, კურსკის, ვორონეჟის ოლქების ტყეებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, საზღვარგარეთაც. თითქმის ყველა სატყეო მეურნებასთან მოეწყო სანერგეები, სადაც გამოიყვანეს ფიჭვის ახალი ჯიშები; 1933-1934წწ. იგი წყალტუბოს სატყეო მეურნეობის, ხოლო შემდეგ-პენსიაზე გასვლამდე(1948) სურამის სატყეო მეურნეობის დირექტორია. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ტყის მეურნეობის სათანადო კადრების აღზრდა-მომზადებაში. იგი თავისი საქმის ბრწყინვალე მცოდნე იყო და დიდი გამოცდილება ჰქონდა ტყეების აღდგენა-განახლებაში; განსაკუთრებით დიდი ამაგი დასდო წაღვერის სატყეო მეურნეობას; მისი ხელმძღვანელობით ბორჯომში, წაღვერში, ბაკურიანში, აბასთუმანში მრავალ ჰექტარზე გაშენდა ტყე. 1975 წელს დაწესდა მისი სახელობის ყოველწლიური პრიზი, რომლითაც საუკეთესო პოფესიონალი მეტყევეები ჯილდოვდებოდნენ. მეტყევე, საქართველოში ტყის გაშენების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ტყეების დაცვის, მოვლისა და აღდგენის დიდი ენთუზიასტი, საზოგადო მოღვაწე. დაკრძალულია მის მიერვე გაშენებულ ტყეში სურამის თავზე.

