სელიმ-ფაშა ხიმშიაშვილი (-1815)- ახალციხის ფაშა 1803-1809 და 1812-1815 წლებში; აბდულა-ბეგის ძე. XVIII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ვიდრე ფაშა გახდებოდა, იყო ზემო აჭარის სანჯაყ-ბეგი. სელიმი თავის მამის კვალს — ბეგობას დაადგა და ბოლოს იმდენი მოახერხა, რომ ფაშობაც-კი იშოვნა და სელიმ-ფაშად იწოდებოდა. ეს ის სელიმ ფაშა იყო, რომელსაც ახალციხეში გაქცეული და უტახტოდ დარჩენილი სოლომონ, მეფე იმერეთისა, რუსების წინააღმდეგ 1814 წელს შველასა და დახმარებას სთხოვდა. სელიმ-ფაშას დროს, როგორც აჭარა, ისე ახალციხის საფაშალიყო ლეკების ბუნაგად იყო ქცეული. ეს მტაცებელი ხალხი თავისუფლად დათარეშობდა ყველგან. სელიმ-ფაშას ეს მთიელები ქართლის დასარბევად ჰყავდა დაქირავებული. ცოტ-ცოტათი ძლიერების ფრთები გაშალა, ქედმაღლურად დაიჭირა თავი და სულთანს თითქმის არც კი ემორჩილებოდა. სულთანს, რა თქმა უნდა, არაფრად ეჭაშნიკებოდა თავისი ქვეშევრდომის ურჩობა და განურისხდა. სელიმი იძულებული იქნა ახალციხიდან ლტოლვილიყო. სელიმს სიკვდილიც მიუსაჯეს. 1809 ივნისში შერიფ-ფაშა ისევ დაბრუნდა ახალციხეში და სელიმს დაუწყო ძებნა. სელიმ ფაშა ამასობაში აჭარაში იმალებოდა თავისი სახლობით, რადგან მასთან ერთად მის ოჯახსაც ჰქონდა სიკვდილი მისჯილი. 1812 წელს სელიმმა ფაშობა უკან დაიბრუნა. სელიმ-ფაშა უპირისპირდებოდა ოსმალეთისს ცენტრალურ ხელისუფლებას, იბრძოდა საფაშოს გამოყოფისათვის. 1815 წელს სულთანის ბრძანებით არზრუმის სერაქსირმა, ბაბა-ფაშამ (ფეხლევანმა) აჭარაში გამოგზავნა 15-ათასიანი ლაშქარი გაგზავნა. სელიმ-ფაშა ზემო აჭარის სოფელ ბაკოსთან ხიხანის ციხეში გამაგრდა და იქ იყო, სანამ მოღალატემ ხელში არ ჩაიგდო. სელიმი ციხიდან გამოიყვანეს და სანამ თავს მოკვეთდნენ, სამი დღე-ღამე არ აძინეს, რომ თავის მოკვეთის დროს ტანჯვა არ ეგრძნო. აჰა, მისი დასჯის დღეც დადგა, მაგრამ ჯალათობა არავინ იკისრა. ბოლოს, ერთი არტანუჯელი სომეხი გამოჩნდა, მისცეს ერთი ოქრო და იმანაც მოჰკვეთა თავი სელიმს სოფელ ბაკოს ზემოთ, სწორედ იმა ადგილას, რომელსაც „სერი-ყანა“ ჰქვია და სადაც გლეხნი დღესაც პურსა სთესენ. მერე ეს სომეხი სელიმის შვილს არტანუჯში მოუძებნია და მოუკლავს. ამ აჭარელი გმირის თავის მოკვეთის შემდეგ ორ საათს არ გაუვლია, რომ სულთანის ფირმანიც მოსულა: „თუ დაიჭირეთ სელიმი, ცოცხალი მომგვარეთო“. მაჰმუდ-ფაშამ, ამის მაგივრად, სელიმის თავი სულთანს ჩაუტანა სტამბოლში, როგორც ტროფეი. სულთანს ძალიან ეწყინა თურმე და ჰკითხა: ფირმანი რა უყავიო? — სიკვდილის შემდეგ მოვიდაო. — რაკი ასეთი კაცის დაფასება არ გცოდნია და არ დაგნანდა, აღარც მე მენანებიო და ბრძანა თავი მოეკვეთათ. სელიმის თავი სტამბოლშია დამარხული და ქების წარწერა აქვს მის სალავის ქვასაო. ტანი კი ჯერ სოფ. შიგანაში დაუმარხავთ, მაგრამ მერე ცოლს თავის სოფელ ნიგოზეულში გადაუტანინებია.


