გრიგოლ გველესიანი (დ. 18 სექტემბერი, 1870, ქუთაისი — გ. 17 იანვარი, 1926, თბილისი) – პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1895 წელს დაამთავრა პირველი ხარისხის დიპლომით. დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1900 წელს გ. გველესიანი აირჩიეს ქუთაისის ქალაქის საბჭოს გამგეობის წევრად, ხოლო 1905 წელს ქალაქის თავის მოადგილედ. 1921 წლის თებერვალში გ. გველესიანმა უარი თქვა ემიგრაციაში წასვლაზე. გასაბჭოების შემდგომ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. სიცოცხლის ბოლოს საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატში ერთ-ერთ ქვეგანყოფილებას ხელმძღვანელობდა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

