გიორგი ანწუხელიძე (დ. 18 აგვისტო, 1984, სოფ. ქვემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 9 აგვისტო, 2008, ცხინვალის რეგიონი) – საქართველოს ეროვნული გმირი. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. დაიბადა 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ალვანში. 1999 წელს დაამთავრა სოფ. ქვემო ალვანის საშუალო სკოლა. 2003-2004 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში. 2004 წელს მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ კონფილქტში. 2005 წლის 23 აპრილიდან, 2006 წლის პირველ აგვისტომდე მსახურობდა II ქვეითი ბრიგადის, 21-ე ბატალიონში. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე იმყოფებოდა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყის რესპუბლიკაში. 2008 წლის 17 აპრილიდან შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნდა და IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში ჩაირიცხა. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

