კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

პეტრე ხარისჭირაშვილი (დ. 1804, (1818) — გ. 1892, სტამბოლი) — აბატი პეტრა. სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სტამბოლის ქართული მონასტრის დამაარსებელი. პეტრე ხარისჭირაშვილი XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხეში დაიბადა, ერთი ცნობით 1804 წელს, მეორით 1818 წლის 25 აპრილს, აღმსარებლობით კათოლიკე იყო. სწავლობდა ახალციხის ნათლისმცემლის ეკლესიის სამრევლო სკოლაში. შემდეგ ევროპაში გაემგზავრა და ალექსანდრეპოლის სემინარიაში განაგრძო სწავლა, ბოლოს რომის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. 1842 წელს ახალციხეში მღვდლად აკურთხეს, 50-იანი წლებიდან ხიზაბავრაში (დღევანდელი ასპინძის რაიონი) გადაიყვანეს. მრავალი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის გამო იძულებული გახდა 1856 წელს უცხოეთში წასულიყო, თუმცა იქაც ისევ ქართულ საქმეს ემსახურებოდა და ორიოდე წელიწადში ვენეციაში, წმინდა ლაზარეს კუნძულზე ქართულ ენაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საისტორიო და თეოლოგიური წიგნი გამოსცა. იმხანად კათოლიკურ ეკლესიებში ქართულ ენაზე მღვდელმსახურების ნება დამტკიცებული არ იყო. პეტრე ხარისჭირაშვილმა მომხიბვლელი სიტყვითა და ღირსეული საქმიანობით ვატიკანის ყურადღება დაიმსახურა და 1859 წელს ნება დართეს სტამბოლში შეექმნა ქართველ კათოლიკეთა კონგრეგაცია — ქართული ენითა და ტიპიკონით. 1861 წელს კი სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ფერიქოიში პეტრე ხარისჭირაშვილმა ქართველ კათოლიკეთა სავანე — ეკლესია, დედათა და მამათა მონასტრები დააფუძნა. პეტრე ხარისჭირაშვილი რვა ენას ფლობდა, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას ქართულის სწავლებას აქცევდა. 1870 წლისათვის ხარისჭირაშვილის დაუზოგავი შრომის შედეგად მონასტერში უკვე მუშაობდა ქართული სტამბა. მარტო 1877-81 წლებში ამ სტამბაში დაიბეჭდა და საქართველოში გავრცელდა 25-მდე სხვადასხვა წიგნი. ქართული ენის სიწმინდის დასაცავად მრავალ ღონეს მიმართავდა, გრამატიკის შედგენაც დაიწყო. მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია ჩამორთმეული ჰქონდა და ქართული ენისა თუ მწერლობის განვითარებაში მონაწილეობას აღარ იღებდა, სტამბოლის მონასტერი გრიგოლ ხანძთელის დაწყებულ საქმეს აგრძელებდა. პეტრე ხარისჭირაშვილი მონასტერშია დაკრძალული.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments