აკაკი ელიავა (1952-2000) -საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მომხრე სამხედრო პირი. დაიბადა 1952 წელს. დაამთავრა მოსკოვის ელექტროტექნიკუმი, შემდეგ როსტოვის რკინიგზისა და ტრანსპორტის ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სოფლის ელექტრომშენის სამმართველოს მთავარ სამუშაოთა მწარმოებლად, ასევე, ქ. სენაკის სახელმწიფო ტრესტის მთავარ ადმინისტრატორად. 1991 წლის 26 მაისს თბილისში, ეროვნული გვარდიის აღლუმზე გვარდიელის ფიცი მიიღო და სენაკის საგანგებო დანიშნულების მე-2 ბატალიონ “ეგრისში” მეთაურის მოადგილედ დაინიშნა. ამასთანავე, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში უფროსი ლეიტენანტის წოდება მიიღო. 1991-92 წლებში სამაჩაბლოს ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა. სამხედრო ოპერაციების წარმატებით ჩატარებისთვის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბრძანებით ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. 1992-93 წლებში იბრძოდა აფხაზეთში, გუმისთის, ტამიშის, ცუგუროვკის მიდამოებში. 1994 წელს ხელისუფლებამ აკაკი ელიავა და მისი რაზმის წევრები შემოირიგა. ამის შემდეგ ის შინაგან ჯარში ჩაირიცხა, პოლიციის პოლკოვნიკის წოდებით. 1998 წლის 19 ოქტომბერს ცნობილი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა, რის შემდეგაც მთავრობისაგან თავის დასაცავად თავისი რაზმით სამეგრელოს ტყეებს შეაფარა თავი. 2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, რომელიც ეროვნულ თანხმობაზე მიგვითითებს, ხელისუფლებამ აკაკი ელიავა კვლავ შეირიგა. 9 ივლისს კი, ზესტაფონში, იმავე ხელისუფლების ბრძანებით ზურგიდან ესროლეს. დაკრძალულია სენაკში, მენჯის სასაფლაოზე.

