აკაკი შანიძე (1887, ქვემო ნოღა, ქუთაისის მაზრა — გ. 29 მარტი, 1987, თბილისი) – ენათმეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979). იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე (1946) და ვიცე-პრეზიდენტი (1948-1950). 1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი, იქვე დატოვეს სომხურ-ქართული ფილოლოგიის კათედრაზე. შანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია. სხვადასხვა დროს იყო უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის გამგე (1918-1930), ქართული ენის კათედრის გამგე (1919-1945), ძველი ქართული ენის კათედრის გამგე (1945-იდან). ი. ყიფშიძესთან და გ. ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. აკაკი შანიძის სახელთანაა დაკავშირებული ახალი სამეცნიერო დისციპლინის ალბანოლოგიის (აწ გადაშენებული კავკასიური წარმოშობის ხალხის — ალბანელების — ენისა და დამწერლობის შესწავლა) დაფუძნება. 1939 წლიდან საშუალო სკოლებში ისწავლება შანიძის შედგენილი „ქართული ენის გრამატიკა“. წლების მანძილზე იყო თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.
