კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

აკაკი ჭანტურია (დ. 1881 წელი — გ. 1941 წელი) –
მეცნიერი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ზუგდიდის მუზეუმის დამაარსებელი.
აკაკი ჭანტურიამ დაწყებითი განათლება ახალსენაკის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში მიიღო. შეეძლო, თბილისის სასულიერო სემინარიაში უგამოცდოდ ჩარიცხულიყო, მაგრამ მას სხვა მიზნები ჰქონდა – უცხოეთში წასვლაზე ოცნებობდა. მალევე ბათუმში გადავიდა და როტშილდის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. იქვე შეუდგა ინგლისური ენის სწავლას. იმისათვის, რომ დიდ ბრიტანეთში წასასვლელი ფული მოეგროვებინა, ფიზიკურ შრომასაც არ ერიდებოდა. აკაკი ჭანტურია ინგლისში 1904 წელს გაემგზავრა და ერთ ოჯახში რუსული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და უნივერსიტეტში გეოლოგირ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც შეისწავლა არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ისტორია, კარტოგრაფია, სამუზეუმო საქმე, ფილოლოგია, ფოლკლორი და ხელოვნება, მონაწილეობდა ბრიტანეთის მუზეუმის სამეცნიერო-საძიებო ექსპედიციებსა და ტრადიციულ შემოქმედებით დათვალიერებებში. 1912 წელს აკაკი საქართველოში დაბრუნდა. მან სამეგრელოში დიდძალი გეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა შეაგროვა, დაახარისხა და მამაპაპეული ოდის დიდ დარბაზში სანიმუშო გამოფენა მოაწყო. ამავე თემას უძღვნა საკვალიფიკაციო ნაშრომი „საქართველოს გეოლოგია“, რომელიც 1919 წელს ლონდონში ინგლისურ ენაზე გამოიცა. 1913 წლის ბოლოს აკაკი ჭანტურია კვლავ საზღვარგარეთ წავიდა. სწავლობდა ლონდონის ფიზიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში, ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯსა და სამხატვრო კოლეჯში, იქვე მიიღო ბაკალავრის სამეცნიერო წოდებაც. 1919 წელს აკაკი ჭანტურია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში, ბარეტის კოლეჯში სწავლობდა. ამერიკაში დარჩა 4 წელი. ინგლისში დაბრუნებულმა ცოლად შეირთო ლონდონელი ქალი ქეით უოლტერ ბოლი. 1920 წელს აკაკი მეუღლესთან და უფროს ვაჟიშვილთან ერთად საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და მშობლიურ სოფელში დასახლდა. მეუღლეს შეასწავლა ქართული და მეგრული. იგი ხშირად დადიოდა თბილისში, ახლადდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში, მუშაობდა მუზეუმებში, არქივებსა და წიგნთსაცავებში. ჯერ თბილისის უნივერსიტეტში სამსახური, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან სხვა მიზანი – მუზეუმის დაარსება – ჰქონდა. მუზეუმი, რომელსაც „სამეგრელოს მუზეუმი“ ეწოდა, 1921 წლის 1 მაისს გაიხსნა. დადიანების ქონება ზუგდიდის გარდა სალხინოსა და ჭკადუაში – პრინც აშილ მიურატის სასახლეში ინახებოდა. სალხინოდან ნივთების მიღება აკაკის მთელ ეპოპეად ექცა – მცველების თანხლებით მიდიოდა და აურაცხელ საგანძურს ურმებით ეზიდებოდა. 1937 წლიდან დაიწყო აკაკი ჭანტურიას აშკარა დევნა. 1940 წლის 23 ივლისს დადიანების სასახლში აკაკი ჭანტურიას ეპოქა დასრულდა. მეცნიერმა სიძველეთსაცავი სამუდამოდ დატოვა, რის გამოც საგანძური გაიძარცვა.
დაკრძალულია ზუგდიდში, ქაფათის სასაფლაოზე.
       
Subscribe
Notify of
guest

1 Comment
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
ბელა ქებურია
ბელა ქებურია
11 months ago

ასეთ დროს, შეიძლება ამოგიტივტივდეს ფრაზა ,,ეკლესისტედან” – ,,ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო”, მაგრამ მეორე წამს ფიქრდები და ხვდები… სად არიან ის ადამიანები, რომლებმაც მას ავნეს, ან ისინი, ვინც თავისი ბინძური ხელი შეახო აკაკი ჭანტურიას მიერ ნაგროვებ საგანძურს? მიწამ ისე შეჭამა ისინი, ხსოვნაც არ დარჩა, მათი შთამომავლები წაბილწულნი არიან ნაძარცვი და მოპარული ქონების ცოდვით, ანუ ათი მცნებიდან მე-6, მე-8 და მე- 9 – ,,არა იპარო”, ,,არა კაც ჰკლა” და ,,არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა” – დარღვეულია… რა გაახარებს მათ მოდგმას, რომლებმაც შესაძლოა არა იციან მათი წინაპრების მზაკვრობათა შესახებ? მხოლოდ ერთი გზაა, სინანულის და გვარის მიერ ცოდვის მონანიების…
რაც შეეხება ბ- ნ აკაკი ჭანტურიას, სულ რაღაც 60 წელი იცხოვრა და ერთი ადამიანის შესაძლებლობებზე ასჯერ მეტი ისწავლა, გააკეთა და იღვაწა… დღეს ერთ- ორ ენას ისწავლიან, ერთ კოლეჯს ან უნივერსიტეტს დაამთავრებენ და ცხვირიდან ძმრად გვადენენ საკუთარი კეთილდღეობის მიზნით მიღებულ განათლებას. სამყარო დეგრადაციის გზით მიექანება…
ნათელი, ხსოვნა და ერის სულის ჩაუქრობელი სანთელი დიდი აკაკი ჭანტურიას სახელს, ხსოვნასა და მოღვაწობას <3

Last edited 11 months ago by ბელა ქებურია