აკაკი წერეთელი (1840-1915) – პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. აკაკი წერეთელი დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა – ეკატერინე აბაშიძე – იმერეთის მეფის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფელსავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს „ხუმარა“, რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. 1915 წლის 21 დეკემბერს ავადმყოფობისგან დასუსტებული დიდი პოეტი თავისმა მოურავმა, კოტე აბდუშელიშვილმა ჩაიყვანა ქუთაისიდან სხვიტორში, სადაც გარდაიცვალა კიდეც და საიდანაც, „დიდი ამბით ჩამოასვენეს თბილისში“. მგოსნის ცხედრის წამოსასვენებლად სპეციალური დელეგაცია ჩავიდა სოფელ სხვიტორში. როდესაც აკაკი ეზოში დაასვენეს, მთელი ხალხი პირქვე დაემხო და აქვითინდა. სახლიდან სადგურამდე ცხედრის წინ პატარა გოგონები იებს აფენდნენ აკაკის უკანასკნელად გასავლელ გზაზე. მთელი საქართველო მუხლმოდრეკილი და ცრემლმორეული მიაცილებდა სამგლოვიარო მატარებელს, რომელსაც თითქმის ყველა სადგურზე აჩერებდნენ. მთაწმინდის პანთეონზე დაწერილ წიგნში მამია ჩორგოლაშვილი შენიშნავს, რომ თავდაპირველად ვარაუდობდნენ აკაკის ნეშტის ილიას სამარის გვერდით დაკრძალვას, მაგრამ კლდის გამო საფლავის გათხრა გაძნელდაო, დაკრძალვის შემდეგ აკაკის საფლავზე დარჩა ერთადერთი გვირგვინი წარწერით: „აკაკის. საქართველო“, მოგვიანებით კი აღიმართა სიმბოლური ძეგლი: ლაბრადორის ოთხი მასიური ქვა სამ რიგადაა განლაგებული. ზედა ქვაზე მიმაგრებულია ასიმეტრიული ჩანგი: ოთხი ხაზი და წრე – პოეზიისა და მუსიკის კავშირი. ქვედა ქვაზე ამოკვეთილია ერთადერთი სიტყვა: აკაკი.



