ალექსანდრე (ალე) ომიაძე (დ. 21 აგვისტო 1902, ჭიბრევი, ონის მუნიციპალიტეტი — გ. 27 ივლისი 1972, თბილისი)
ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
1916-1923 წლებში სწავლობდა ხაშურის გიმნაზიაში. აქვე შედგა პირველად ფეხი დრამწრის სცენაზე, ხოლო მოგვიანებით ხაშურის მუშათა თეატრში გამოდიოდა. 1923 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ერთწლიანი სწავლების შემდეგ გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, საიდანაც 1926 წელს დაბრუნდა.
სამსახიობო მოღვაწეობა ხაშურის თეატრში დაიწყო 1926 წელს, სადაც ექვსი სეზონი დაჰყო. 1932-1935 წლებში იგი ქუთაისის თეატრის მსახიობია. 1935 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი მოწინავე მარჯანიშვილელთა რიგებში იდგა.
კინოში ალე ომიაძემ ოცზე მეტი როლი შეასრულა, რომელთაგან აღსანიშნავია: ზურაბ ერისთავი („გიორგი სააკაძე“, 1942), მეფე ვახტანგ VI („დავით გურამიშვილი“, 1946), გიორგი („ჭრიჭინა“, 1954), პაპა გიგო („მაგდანას ლურჯა“, 1955), პეპია („გლახის ნაამბობი“, 1961), ტარიელი („ტარიელ გოლუა“, 1967).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

