ალექსანდრე დიდებულიძე (1882-1951)
ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
დაამთავრა რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1911 წელს.
სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა სტუდენტობის დროს დაიწყო. ეწეოდა ფართო საინჟინრო-პრაქტიკულ მუშაობას. 1912-1913წწ. დაამუშავა თერმოელემენტის ახალი ტიპი, რაზედაც საავტორო მოწმობა მიიღო. 1915 წელს გაიწვიეს მოქმედ არიმიაში. დაინიშნა ოდესის რაიონის ჭურვების დამამზადებელი სამმართველოს ტექნიკური ნაწილის გამგედ. 1917 წელს იყო ოდესის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სადაც 1918 წელს თეორიული ელექტოტექნიკის კათედრის პროფესორად აირჩიეს. 1919 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრის გამგედ აირჩიეს, სადაც იგი 1933 წლამდე მუშაობდა. 1923-1924წწ. იყო თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი. 1932-1938წწ. ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლების კათედრას ამიერკავკასიის ელექტორკავშირგაბმულობის საინჟინრო ინსტიტუტში. 1936-1946წწ. ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის კათედრას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში.
თავისი მეცნიერული მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი მიუძღნა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის და მათი ეფექტური ამაღლების საკითხებს. დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოში ენერგეტიკის განვითრებას, იკვლევდა მეცნიერულ ფოტოგრაფიას.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
