ალექსანდრე ღლონტი (1912-1999) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1931-1933 წწ. მუშაობდა გაზეთ “კომუნისტის” კულტურული მშენებლობის განყოფილების გამგედ; 1933-1934 წწ. გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” რედკოლეგიის წევრად და განყოფილების გამგედ; 1934-1936 წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტი; 1935-1937 წწ. საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობის ახალგაზრდობისა და საბავშვო ლიტერატურის განყოფილების გამგე, ამავე წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1935-1940 წწ. და 1947-1980 წწ. იგი ხელმძღვანელობდა დიალექტურ სამეცნიერო ექსპედიციებს გურიაში, ქართლში, კახეთში, მესხეთში, ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში, სვანეთში, კოლხეთში, ბორჯომის ხეობაში; 1938-1941 წწ. გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის დეკანი, ასევე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას და იყო საპროფილო დისციპლინების ლექტორი, შეთავსებით მუშაობდა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის დოცენტად; 1941-1945 წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1945-1952 წწ. კვლავ ხელმძღვანელობდა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის კათედრას; 1953-1958 წწ. ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე; 1960-1967 წწ. თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი; 1967-1990 წწ. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის გამგე, 1990 წლიდან გარდაცვალებამდე – ამავე კათედრის პროფესორი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

