კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ორბელიანი (ჯამბაკურ-ორბელიანი) (დ. 24 მაისი, 1802 — გ. 28 დეკემბერი, 1869) –
პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ქართველ რომანტიკოსთა უფროსი თაობის წარმომადგენელი. ერეკლე მეფის შვილიშვილი, თეკლე ბატონიშვილის ვაჟი.
სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელში ეწეოდა თვითგანვითარებას. 1828 წელს აირჩიეს თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად. ალექსანდრე მონაწილეობდა სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1829 წელს მსახურობდა მრჩეველის თანამდედობაზე გუბერნიის სამმართველოში. იგი იყო 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, რისთვისაც დააპატიმრეს და გადაასახლეს ორენბურგში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე 1840 წელს ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში: მონაწილეობდა ჟურნალ „ცისკრის“ აღდგენაში (რომელშიც აქვეყნებდა თავის თხზულებებს), ზრუნავდა ქართული თეატრის აღორძინების, ჟურნალ-გაზეთების დაარსების, სკოლების გახსნაში.
ალექსანდრე ორბელიანი ავტორია ლექსების, მოთხრობების, დრამების, მემუარებისა და პუბლიცისტური წერილებისა. მისი პირველი ლექსი, „მთოვარე“, გამოქვეყნდა 1832 წელს ჟურნალში — „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“. ალექსანდრე იყო ურითმო ლექსის ერთ-ერთი პირველი ავტორი ახალ ქართულ პოეზიაში.
დაკრძალულია თბილისში, სიონის ტაძრის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments